სამეცნიერო ფორუმებზე წარმოდგენილ მოხსენებათა ტექსტები, უმრავლეს შემთხვევაში, სრულად არ იბეჭდება და გამოიცემა თეზისების ან მასალების სახით. სამეცნიერო პროდუქციის დიდ ნაწილს სწორედ მოხსენებათა თეზისები/მასალები შეადგენს.
ბაკალავრიატის სტუდენტები მოხსენებისა და თეზისების/მასალების მომზადების უმთავრეს პრინციპებს, როგორც წესი, აკადემიური წერის კურსში ეცნობიან, თუმცა ასეთი კურსი მხოლოდ ერთსემესტრიანია.
ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები დაეხმარება სტუდენტებს, ვისაც არ აქვთ კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება და სურთ ცნობების მიღება მასალების მომზადების შესახებ.
უფრო ვრცლად დამატებითი ლიტერატურა იხ. აქ.
თეზისები
როგორც აღვნიშნეთ, საკონფერენციო გამოცემების უდიდესი ნაწილი მასალების ან თეზისების სახითაა წარმოდგენილი.
უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, თეზისი (ბერძნ. thesis) არის დებულება, რომლის ჭეშმარიტებაც უნდა დამტკიცდეს.
საკონფერენციო თეზისები არის კონკრეტული დებულებებისაგან შემდგარი მოკლე ტექსტი (საშუალოდ 200-400 სიტყვა). ის გადმოსცემს მოხსენების შინაარსს და წარმოგვიდგენს ავტორის მოსაზრებას/მოსაზრებებს.
თეზისებში:
❖ არ არის მითითებული გამოყენებული ლიტერატურა (და, ზოგადად, სამეცნიერო აპარატი);
❖ არ გვხვდება ციტატები და სხვათა მოსაზრებები;
❖ არ არის მოცემული დებულებათა დასამტკიცებელი არგუმენტები;
❖ დებულებები ხშირად დანომრილია ან მოცემულია პუნქტებით.
მასალები
საკონფერენციო მასალები (სხვა ტერმინით, ანოტაცია) თეზისებისაგან განსხვავდება შემდეგი ძირითადი მახასიათებლებით:
❖ არგუმენტირება: თეზისებისაგან განსხვავებით, მასალებში წარმოდგენილია დებულებათა მოკლე დასაბუთება;
❖ მოცულობა: მასალები, როგორც წესი, თეზისებს აღემატება მოცულობით და შეიძლება იყოს 1000 სიტყვამდეც;
❖ ფორმა: მასალებში დებულებები უმეტესად არ არის დანომრილი ან პუნქტებად დაყოფილი;
❖ სტრუქტურა: მასალებში მისაღებია დასკვნის და მცირე შესავლის გამოყოფა.
მასალებისთვის სამეცნიერო აპარატის დართვა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას ტექსტის შინაარსი აუცილებლად ითხოვს. მაგალითად, იმ საისტრიო წყაროების ანალიზისთვის, რომლებიც აქამდე არ ყოფილა შესწავლილი და დაცულია ამა თუ იმ არქივში, ბიბლიოთეკაში, მისთ. შესაბამისი ანაწერით.
საკონფერენციო მასალებში წარმოდგენილი უნდა იყოს ისეთი მოსაზრებები, რომლებიც ადრე არ გამოთქმულა სამეცნიერო ლიტერატურაში. ეს შეიძლება იყოს:
❖ ახალი მოსაზრება (სამეცნიერო სიახლე არის სწორედ კონფერენციის ღირებულება და მიზანი);
❖ ავტორის პოზიცია;
❖ მასალა, რომელიც აქამდე არ ყოფილა სამეცნიერო მიმოქცევაში;
❖ საკითხის დასმა;
❖ ჰიპოთეზა;
❖ ცნობა ახალგამოვლენილი წყაროების/მასალების შესახებ;
❖ ექსპედიციის, კვლევითი პროექტის და მისთ. ანგარიში;
❖ წინასწარი ცნობა;
❖ ექსპერიმენტის შედეგი და ა. შ.
მნიშვნელოვანია
❖ „თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ვინ იქნება თქვენი მკითხველი და რატომ გაეცნობა ის თქვენ მიერ მომზადებულ დოკუმენტს. წერის დაწყებამდე მოიფიქრეთ, საჭიროა თუ არა პოტენციური მკითხველის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება.“
— ლ. კაჭარავა, ხ. მარწყვიშვილი, ლ. ხეჩუაშვილი, აკადემიური წერა დამწყებთათვის, თბ., 2007.
❖ „გაითვალისწინეთ, რომ თეზისები და მასალები იქმნება სრულყოფილი სამეცნიერო ნაშრომის მიხედვით, ანუ ჯერ იქმნება სამეცნიერო ნაშრომი, ხოლო შემდეგ თეზისები ან მასალები. თუ პირიქით მოიქცევით, ყურადღების მიღმა დაგრჩებათ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც თავს იჩენს ხოლმე სამეცნიერო კვლევისას.“
— ქ. გოჩიტაშვილი, გ. შაბაშვილი, ნ. შარაშენიძე, აკადემიური წერა, თბ., 2013.
❖ სამეცნიერო ნაშრომის ზეპირი წარდგენის (მათ შორის სლაიდშოუს მომზადების) მითითებები იხ.: თ. ქავთარაძე, ნ. ქასრაშვილი, ნ. საღინაძე, ს. პატარიძე, თ. საბაური, აკადემიური მუშაობის საფუძვლები: პრაქტიკული სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, თბ., 2018, გვ. 198-217.
❖ მასალებისა და, საერთოდ, ნებისმიერი აკადემიური ნაშრომის მომზადებისას აუცილებელია, ზუსტად იყოს გამოყენებული შესაბამისი კვლევითი მეთოდები.
❖ დახვეწილი ნაშრომის მომზადებისათვის საჭირო უნარების განსავითარებლად მკვლევარმა უნდა იკითხოს დარგის კლასიკური შრომები.
❖ ნაშრომში უნდა ჩანდეს საკვლევი თემის აქტუალურობა.
მასალების მაგალითები
თამაზ გამყრელიძე (2017)
გიორგი ახვლედიანის ფონეტიკური თეორიის ფონოლოგიური საფუძვლები
გიორგი ახვლედიანის სახელი მჭიდროდ უკავშირდება ახალი ენათმეცნიერების ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებას. მან აკაკი შანიძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ახალ საენათმეცნიერო აზროვნებას საქართველოში. გიორგი ახვლედიანი და აკაკი შანიძე არიან ქართული ენათმეცნიერების ფუძემდებლები და, მაშასადამე, კლასიკოსები ამ მეცნიერების თვალსაზრისით.
გიორგი ახვლედიანი ეკუთვნის ახალი ქართული მეცნიერების აღორძინებასთან დაკავშირებულ მეცნიერთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელსაც დიდი ივანე ჯავახიშვილი მეთაურობდა. ახალი ქართული მეცნიერების ეს აღორძინება თან მოჰყვა ჩვენი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებას, რისი ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გიორგი ახვლედიანიც იყო. ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით: „ტფილისის უნივერსიტეტში ენათმეცნიერების დარგის შექმნა სამი პირის: პროფესორ იოსებ ყიფშიძის, პროფესორ აკაკი შანიძის და პროფესორ გიორგი ახვლედიანის ღვაწლს შეადგენს. პირველი მათგანის, სამწუხაროდ, უდროოდ გარდაცვალების გამო უდიდესი ტვირთი ორს უკანასკნელს დააწვა“.
ეს „უდიდესი ტვირთი“ დიდ მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს ‒ გიორგი ახვლედიანსა და აკაკი შანიძეს ‒ შარავანდედით მოსავს და მეცნიერული აზრის განვითარების ისტორიაში ღირსეულ ადგილს მიაკუთვნებს ‒ როგორც ქართული სულიერი კულტურის ბრწყინვალე წარმომადგენლებს.
საოცრად ფართოა გიორგი ახვლედიანის მეცნიერული ინტერესების სფერო; ძნელია დასახელებული იქნეს ენათმეცნიერების ისეთი დარგი, რომელშიც მას თავის მნიშვნელოვანი წვლილი არ შეეტანოს. გიორგი ახვლედიანი არის თეორიული ენათმეცნიერების საფუძვლების ჩამყრელი საქართველოში; იგი სათავეში ჩაუდგა ზოგადი ენათმეცნიერების კათედრას თბილისის უნივერსიტეტში და ნახევარ საუკუნეზე მეტხანს განაგებდა მას; მან წაიკითხა პირველი საუნივერსიტეტო კურსი და შექმნა სახელმძღვანელო ამ დარგში ‒ „ენათმეცნიერების შესავალი“ (1918-19), რომელიც, ამავე დროს, თბილისის უნივერსიტეტში შექმნილი და აქ გამოცემული პირველი სახელმძღვანელოა საზოგადოდ.
ამრიგად, გიორგი ახვლედიანი ახალი საენათმეცნიერო აზროვნების პიონერია საქართველოში; და თუ დღეს ჩვენში თეორიული ენათმეცნიერება ასეთ მაღალ დონეზეა, ეს უპირველესად გიორგი ახვლედიანის მეცნიერულ მოღვაწეობას უნდა მიეწეროს.
გიორგი ახვლედიანის „ენათმეცნიერების შესავალი“ დიდი ისტორიული ფაქტია ქართული მეცნიერების განვითარებაში, რამდენადაც ამ წიგნში პირველად ქართულ ენაზე განიმარტა ზოგადლინგვისტური ცნებები და პირველად ჩაერთო ამ წიგნის საუნივერსიტეტო კურსში ქართული ენის მონაცემები თეორიული ენათმეცნიერების ძირითადი პრობლემების საილუსტრაციოდ.
მაგრამ „ენათმეცნიერების შესავლის“ მნიშვნელობა და ღირებულება არ ამოიწურება მხოლოდ ზემოთ მოყვანილი ასპექტებით. ამ ნაშრომს, ისევე როგორც უფრო გვიან გამოსულ მის გამოკვლევებს ‒ „მკვეთრი ხშულნი ქართულში“ (1922 წ.), „ქართულ თანხმოვანთა განდასება“ (1926 წ.), „ზოგადი და ქართული ფონეტიკის საკითხები“ (I, 1938 წ.), „ბგერათმონაცვლეობის ზოგიერთი საკითხი ქართულში“ (1948 წ.) ‒ სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მარტო ქართული ენათმეცნიერებისათვის, ქართული ენის ბგერითი შედგენილობის შესწავლის თვალსაზრისით, არამედ ზოგადენათმეცნიერული თვალსაზრისითაც, რამდენადაც აქ გიორგი ახვლედიანი ენის ბგერითი სისტემის შესწავლის ახალ პრინციპებს აყალიბებს და ფონოლოგიის ‒ ანუ ფუნქციონალური ფონეტიკის ერთ-ერთ პიონერად გვევლინება.
მიხეილ ბახტაძე (2023)
გიორგი V ბრწყინვალის ტიტულატურისათვის
გიორგი ბრწყინვალის შესახებ ჩვენ მეტად მწირი ცნობები გვაქს და რაც გვაქვს, მათში არ ფიქსირდება მეფის სრული ქართული ტიტულატურა.
გიორგი V-ის ჩვენამდე მოღწეულ თავნაკლულ საბუთში, სამწუხაროდ მეფის სრული ტიტულატურა არ წერია. მხოლოდ ტიტულის ბოლო ფრაზაა დაფიქსირებული – „ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუით ფლობით ხელმწიფედ მპყრობელი.“
თუ გავითვალისწინებთ ერთიანი საქართველოს მეფეთა ტიტულატურას, ცხადია, რომ ტიტულატურის დასაწყისი იქნებოდა – „ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე, შარვანშა და შაჰანშა.“
გასათვალისწინებელი კიდევ ერთი მომენტი, XIV საუკუნის ბოლოდან ბაგრატიონთა ტიტულატურაში ჩნდება კიდევ ერთი ფორმულირება – ლიხთიმერისა და ლიხთ-ამერის მფლობელი და ორივე სამეფოს გამაერთიანებელი. პირველად ასეთი ტიტული დასტურდება გიორგი VII-ის 1393 წლის სიგელში. შემდეგ მსგავსი ფორმულირება გვხვდება უკვე ალექსანდრე I-ის 1413, 1419, 1420 და 1441 წლების სიგელებში.
ჩნდება კითხვა, როდის უნდა გაჩენილიყო ფორმულირება – ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერის მფლობელი? მხოლოდ მას შემდეგ რაც XIII საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს ორად გაყოფილი სამეფოს ერთიანობა აღდგა და ეს მოხდა გიორგი ბრწყინვალის დროს.
თეორიულად, ტიტული – ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერის მფლობელი, პირველად შეიძლება მიეღოთ: გიორგი V ბრწყინვალეს, დავით IX-ს, ბაგრატ V-ს ან თუნდაც გიორგი VII-ს.
რატომ გახდა საჭირო ამ ტიტულის შემოღება? ტრადიციული ტიტულატურა აღარ ასახავდა რეალობას (რამდენიმე საუკუნეა აღარ არსებობდა სამეფოები: აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა) და გარკვეულწილად „გაყინულ რეალობას“ ასახავდა. საჭირო იყო ტიტული რომელიც იმ ეპოქის რეალობას ასახავდა და ყველასთვის გასაგები იქნებოდა. ასეთი კი იყო ლიხთ იმერი და ლიხთ ამერი.
ჩვენი აზრით, გიორგი ბრწყინვალის სრული ქართული ტიტულატურა შესაძლოა ყოფილიყო – ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე, შარვანშა და შაჰანშა, განმაერთებელი ლიხთ იმერისა და ლიხთ ამერისა, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუით ფლობით ხელმწიფედ მპყრობელი.