Skip to main content

სტუდენტთა I კავკასიოლოგიური კონფერენცია (20-21 ივნისი, 2022 წ.)


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით 2022 წლის 20-21 ივნისს გაიმართა სტუდენტთა I კავკასიოლოგიური კონფერენცია. ესაა პირველი მუდმივმოქმედი სტუდენტური კონფერენცია თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ისტორიაში.   


კონფერენციის მიზანია ჰუმანიტარული და მომიჯნავე მეცნიერებების წარმომადგენელი სტუდენტების ნაშრომთა წარმოჩენა და მათი მოტივირება, ასევე კავკასიოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 

გარდა ამისა, კონფერენცია ეხმარება სტუდენტებს, მიიღონ გამოცდილება რეალური სამეცნიერო-კვლევითი და საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის. აქედან გამომდინარე, კონფერენციის საორგანიზაციო სამუშაოების შესრულება დაევალა თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის კურსდამთავრებულს, ქეთევან საყევარაშვილს, რომელმაც დაკისრებულ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი. 


სტუდენტთა I კავკასიოლოგიური კონფერენციის დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ კონფერენციის იდეის ავტორი, თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ ჩუხუა და თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ჯონი კვიციანი. 

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.


სტუდენტთა I კავკასიოლოგიურ კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. წაკითხული იყო სულ 22 მოხსენება. 

პანდემიისშემდგომი რეგულაციების გამო, კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა: პირველ დღეს სექციური მუშაობა მიმდინარეობდა ადგილზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, ხოლო მეორე დღეს სექციები მუშაობდა დისტანციურ რეჟიმში. თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ისტორიაში ესაა პირველი სტუდენტური კონფერენცია, რომელიც ამ ფორმატით ჩატარდა.


კონფერენციის მონაწილეებმა გამოავლინეს დაინტერესება აქტუალური სამეცნიერო საკითხებით სწავლების ყველა საფეხურზე. წარმოდგენილი იყო მოხსენებათა ფართო თემატური სპექტრი (ისტორია, ენათმეცნიერება, წყაროთმცოდნეობა, ფოლკლორისტიკა, სოციოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა).


შეფასებები. 


შეფასებები. 


იხილეთ სტუდენტთა I კავკასიოლოგიური კონფერენციის პროგრამა და მასალები და ფოტოგალერეა კონფერენციის „ფეისბუქის“ გვერდზე.